სამყაროთა სავაჭრო

რობერთ შექლი

რუხი ფერის ქვა-ღორღის ყორღანი ბატონ უეინს მხრებამდე სწვდებოდა. როდესაც უკან მოიტოვა, სამყაროთა სავაჭროს წინ აღმოჩნდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორც მეგობრებმა აღუწერეს: ხის მორებით, ლითონის ნაჭრებით, მანქანის ნაწილებითა და რამდენიმე რიგად მიწყობილი ნამსხვრევი აგურით აგებული ქოხმახი, გაცრეცილი ცის ფერად დაუდევრად შეღებილი.

ბატონი უეინი შეტრიალდა წამით, ძელყორეს გახედა, დარწმუნდა, რომ არვინ დადევნებია. იღლიაში ამოდებულ პატარა ფუთას კიდევ უფრო მაგრად დააჭირა მკლავი და აკანკალებული ხელით კარის სახელურს სწვდა, შიგნით შეაბიჯა.

– დილა მშვიდობისა, – მიესალმა მაღაზიის მეპატრონე.

ზუსტად ისეთი იყო, როგორც მეგობრებმა უთხრეს: მაღალი, ხანში შესული კაცი. თვალები ეშმაკურად მოეჭუტა და ტუჩებს პრუწავდა. თომფქინზი ერქვა და ფეხმორყეულ საქანელა-სავარძელზე იჯდა. უკან, საზურგეზე ლურჯ-მწვანე თუთიყუში შემომჯდარიყო. მაღაზიაში სხვა არვინ იყო. იდგა ერთი სკამი და მაგიდა. ზედ ჟანგიანი შპრიცი იდო.

– თქვენი მაღაზიის შესახებ მეგობრებმა მითხრეს, – უთხრა ბატონმა უეინმა.

– მაშ, ფასიც გეცოდინებათ… თან გაქვთ? – ჰკითხა თომფქინზმა.

– დიახ, – ბატონმა უეინმა ოდნავ ასწია ფუთა, – მაგრამ, ჯერ მინდა, გკითხოთ…

– ყოველთვის სურთ, მკითხონ… – მიუბრუნდა თომფქინზი თუთიყუშს, რომელმაც თვალები დაახამხამა, – აბა, მკითხეთ…

– მინდა ვიცოდე, რა მოხდება სინამდვილეში.

თომფქინზმა ამოიხვნეშა.

– რა უნდა მოხდეს: თქვენ გადამიხდით საფასურს, მე გაგიკეთებთ ნემსს, თქვენ გაითიშებით, შემდეგ, ავიღებ ხელსაწყოებს, რომლებიც სავაჭროს უკანა სათავსოში მაქვს, და თქვენს გონებას გავათავისუფლებ.

ეს რომ თქვა, თომფქინზს გაეღიმა და, მგონი, მის სიტყვაძუნწ თუთიყუშსაც გაეღიმა.

– შემდეგ რა მოხდება? – ჰკითხა ბატონმა უეინმა.

– სხეულს რომ დაეხსნება, თქვენი გონება შეძლებს, აირჩიოს ერთი იმ უთვალავი ალბათობიდან, რომელიც დედამიწასთან ერთად და მის ფეხდაფეხ არსებობს.

თომფქინზი დაიღრიჭა. საქანელაზე ირწეოდა და ერთობ აგზნებული ჩანდა.

– დიახ, ჩემო მეგობარო, თქვენ, ალბათ, არ იცით, მაგრამ იმ წამიდან, რაც ეს ჩვენი დედამიწა მზის ცეცხლოვანი საშოდან დაიბადა, უთვალავი ალტერნატიული სამყარო დაიფერთხა. დიდი და მცირე. ზოგი – სულ პაწაწკინტელა. თითო მოვლენა უამრავ ალბათობას ქმნის, ყველა არსება, როგორც ტბაში ჩაგდებული კენჭი, წარმოქმნის ტალღებს. ალექსანდრე მაკედონელი იქნება თუ – ამება. ყველა სულიერს და უსულო საგანს აქვს მისი ჩრდილი. ჩვენი პლანეტა ოთხგანზომილებიანია, ამიტომ სამგანზომილებიან ჩრდილებს ქმნის. დაუსრულებლივ, ყოველ წამს. მილიონობით, მილიარდობით სხვა დედამიწა. და თქვენი გონება, როგორც კი სხეულის ნაჭუჭიდან გავათავისუფლებ, შეძლებს აირჩიოს ნებისმიერი ამ სამყაროებიდან. აირჩიოს და დარჩეს მცირე ხნით.

ბატონი უეინი უხერხულად შეიშმუშნა. თომფქინზი ქუჩის ქადაგს ჰგავდა, რომელიც ცდილობს შაპიტოში შეგიტყუოს და ათასგვარ შეუძლებელ საოცრებას გპირდება… მაგრამ ბატონმა უეინმა საკუთარ თავს შეახსენა, რომ ისეთი რამეების მოწმე ყოფილა, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ვერასდროს! ამიტომ საოცრებები, რასაც თომფქინზი ჰპირდებოდა, ეგებ, შესაძლებელიც ყოფილიყო.

ბატონმა უეინმა ჩაახველა:

– მეგობრებმა ისიც მითხრეს, რომ…

– ნამუსგარეცხილი თაღლითი ვარ? – ჰკითხა თომფქინზმა.

– რამდენიმემ მიმანიშნა, – სიტყვები ფრთხილად შეარჩია ბატონმა უეინმა, – მაგრამ ჩვევად არ მაქვს მიკერძოებით განსჯა… მათ ისიც მითხრეს, რომ…

თომფქინზმა ისევ გააწყვეტინა:

– ვიცი, ვიცი, რას გეტყოდნენ თქვენი ავხორცი მეგობრები – სურვილის ასრულებაზე გითხრეს. ასეა ხომ?

– დიახ, – უთხრა ბატონმა უეინმა, – მითხრეს, რომ რაც მსურს… რაც არ უნდა ვისურვო…

– ზუსტად ეგრეა, – შესძახა თომფქინზმა, – სხვაგვარად ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა – სამყაროთა იმ უსასრულო რიგიდან, თქვენი გონება რომ გადაუფრენს, აირჩევს იმას, სადაც ყველა წადილს აისრულებთ. თქვენი ფარული სურვილები – ესაა მხოლოდ მნიშვნელოვანი. ვთქვათ, ვინმეს მოკვლაზე ოცნებობთ…

– არა, არა! – შეიცხადა ბატონმა უეინმა.

– … იმ სამყაროში ამოყოფთ თავს, სადაც შეძლებთ, მოკლათ, ხოცოთ, ჟლიტოთ, სისხლში იბანაოთ. დე სადი თუ კეისარი მონაგონი იქნება, ან, რა ვიცი, ვინ არის თქვენი კერპი… თუ ძალაუფლება გსურთ, აირჩევთ სამყაროს, სადაც ღმერთად დაბრძანდებით – ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. გამანადგურებელი შივა იქნებით ან – გასხივოსნებული ბუდა.

– მეეჭვება, ეგ რომ…

– ბევრი სხვა წადილიც არის, – განაგრძობდა თომფქინზი, – ცხონება და ჯოჯოხეთი: აღვირახსნილი სექსი, გაუმაძღრობა, მემთვრალეობა, სიყვარული და დიდება. სულო და გულო…

– საოცრებაა! – აღმოხდა ბატონ უეინს.

– გეთანხმებით, – დასტური მისცა თომფქინზმა, – რა თქმა უნდა, რაც ჩამოვთვალე, მწიკვია მხოლოდ. ყველა შესაძლებლობას ვერც ჩამოვთვლი და ამ სიას ვერც ამოვწურავ. სურვილებს არ აქვთ სადავე. ეგებ, მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება არჩიოთ სოფლის კიდეს, ზღვის ნაპირას, კუნძულებზე, ადგილობრივ მოსახლეთა შორის. ვინ იცის?

– ეგ უფრო საჩემოა, – უთხრა ბატონმა უეინმა და მორცხვად გაეღიმა.

– ვინ იცის? – გაიმეორა თომფქინზმა, – იქნებ, არც თქვენ იცოდეთ, რა გულის თქმა არის თქვენში დამარხული… შესაძლოა, სიკვდილიც კი გსურდეთ.

– ხშირად ხდება ხოლმე? – ბატონი უეინი დამფრთხალი ჩანდა.

– ხანდახან.

– სიკვდილი არ მსურს, – განაცხადა ბატონმა უეინმა.

– იშვიათობაა, – დაამშვიდა თომფქინზმა და იმ ფუთისკენ გააპარა მზერა, ბატონ უეინს რომ ამოეიღლიავებინა.

– რახან ასეა… მაგრამ, როგორ გავიგო, ნამდვილი თუა? ფასი მეტისმეტად მაღალია: თქვენ ითხოვთ ყველაფერს, რაც რამ მაბადია. როგორ გავიგო, რას იზამთ? ბანგი რომ მომცეთ და ყველაფერი დამესიზმროს? მთელი ჩემი ქონება ერთ ნემს ჰეროინსა და ტკბილ დაპირებებში?

თომფქინზი მშვიდად უღიმოდა.

– თქვენი განცდები განსხვავებული იქნება, ვიდრე ნარკოტიკს მოაქვს და არც სიზმარს ემგვანება.

– თუ ყველაფერი მართლა ხდება, – ბატონ უეინს ხმაში ბრაზი შეეპარა, – რატომ არ შემიძლია, დავრჩე იმ სამყაროში, რომელსაც ავირჩევ?

– ამ საკითხზე ვმუშაობ, – უთხრა თომფქინზმა, – ამიტომ ვიღებ მაღალ საფასურს. ბევრი მასალის შეძენა მიწევს, ცდებს ვატარებ. ვეძებ გზას, რომ დროებითი ვაქციო მუდმივად. მაგრამ ადამიანი აბლაბუდაშია გახვეული და უკან, დედამიწისკენ ექაჩება. ამ თოკების ჩაჭრას ჯერ ვერ ვახერხებ. დიდმა მისტიკოსებმაც კი ვერ შეძლეს. მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, მაგრამ იმედი გადაწურული არ მაქვს.

– დიდი ამბავი იქნება, თუ წარმატებას მიაღწევთ, – თავაზიანად უთხრა ბატონმა უეინმა.

– ჭეშმარიტად! – შესძახა თომფქინზმა და გზნების ალმური მოედო, – ჩემს საწყალობელ სავაჭროს ამ დედამიწიდან გასაქცევ კარიბჭედ გადავაქცევ. ამასთან, ყველაფერი უფასო იქნება. ყველასთვის! ვინც რომელ დედამიწაზე მოისურვებს, იქ გადასახლდება – დედამიწაზე, რომელიც უფრო შეეფერება. ეს წყეული პლანეტა კი ვირთხებსა და მატლებს დარჩეთ ფეშქაშად.

თომფქინზმა სიტყვა გაწყვიტა და, თითქოს სუსხმა დაუარაო, ყინულივით ცივი ხმით განაგრძო:

– მაგრამ, ვშიშობ, ჩემს ოცნებებს სინამდვილედ ვასაღებ. დედამიწიდან თავის დაღწევის გზას ჯერ ვერ გთავაზობთ, ვაითუ, ვერც ვერასოდეს შემოგთავაზოთ. სიკვდილის გზას, ცხადია, არ ვგულისხმობ. რაც ჩემს ხელთაა – ეს არის მხოლოდ ხანმოკლე მოგზაურობა, გნებავთ, შვებულება დავარქვათ. სხვა სამყაროს მონახულებას შეძლებთ და საკუთარი სურვილების გამოცდას. საფასური იცით, მაგრამ თუ შედეგმა ვერ დაგაკმაყოფილათ – თანხას დაგიბრუნებთ.

– სინდისიერი პირობაა, – მოუწონა ბატონმა უეინმა და დინჯად დაამატა, – მაგრამ მეგობრებმა კიდევ ერთი რამ მითხრეს… ათი წელი დამაკლდება.

– ვერაფერს ვიზამთ, – უთხრა თომფქინზმა, – მაგ წლებს ვერ დაგიბრუნებთ. მოგზაურობა ნერვული სისტემისთვის დიდი ტვირთია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ამის გამო მცირდება. ეგ მიზეზია სწორედ, რის გამოც ჩვენმა ე.წ. მთავრობამ ჩემი კვლევები აკრძალა.

– თუმცა, დიდად არ გაწუხებენ, – შენიშნა ბატონმა უეინმა.

– არ მაწუხებენ, – დაეთანხმა თომფქინზი, – ოფიციალურად აკრძალეს და ზიანის მომტან თაღლითობად გამოაცხადეს, მაგრამ მთავრობაშიც ადამიანები არიან. ისევე უნდათ ჩვენი დედამიწის დატოვება, როგორც – ყველა სხვას.

– ნიხრი მაღალია, – ჭოჭმანით თქვა ბატონმა უეინმა და მაგრად ჩასჭიდა ფუთას ხელი, – საფასური და ათი წელი ჩემი ცხოვრებიდან! სანუკვარი სურვილების ასრულებისთვის… დაფიქრება მმართებს.

– ნება თქვენია, იფიქრეთ, – უთხრა თომფქინზმა და მხრები აიჩეჩა.

ბატონი უეინი ბრუნდებოდა სახლში და მთელი გზა ფიქრობდა. ფიქრობდა მატარებელში. ფიქრობდა, სანამ მისი ვაგონი ლონგ აილენდის ფორთ უოშინგთონის ბაქანზე ჩამოდგებოდა, ფიქრობდა ავტომობილის საჭესთან სადგურიდან სახლამდე. თომფქინზის დანაოჭებული, მზაკვარი სახე უტრიალებდა თვალწინ, ალტერნატიული პლანეტები და ჯერ აუსრულებელი სურვილები.

სახლის კარი შეაღო თუ არა, ამ ფიქრების გადადება მოუწია – ჯერ ჯანეთმა, მისმა მეუღლემ სთხოვა, მოახლეს დალაპარაკებოდა მკაცრად – იმიტომ რომ მოახლე ჩუმ-ჩუმად სასმელს ეძალებოდა. შემდეგ შვილები შემოეხვივნენ – თომი მოუთმენლად ელოდა, როდის შეღებავდნენ პატარა, აფრებიან კატარღა, ფეგის კი საბავშვო ბაღში გადამხდარი თავგადასავლების მოყოლა ეჩქარებოდა.

ბატონი უეინი თავაზიანად, მაგრამ საკმარისად მკაცრად დაელაპარაკა მოახლეს, სპილენძისფერი საღებავის ორი ფენით დაფარა ნავის ფსკერი და ყურადღებით მოუსმინა ამბავს, რაც სათამაშო მოედანზე გადახდა ფეგის.

შემდეგ ბავშვები დასაძინებლად გააგზავნა და ცოლთან ერთად მისაღებ ოთახში დარჩა. ჯანეთი დააკვირდა და ჰკითხა, რატომ იყო მოღუშული.

– მოღუშული?

– ჰო…. მგონი, რაღაც გაწუხებს, – უთხრა ჯანეთმა, – სამსახურში უსიამოვნებები შეგხვდა?

– ოჰ, არა, არაფერი უჩვეულო…

სულაც არ აპირებდა გულის გადაშლას. არც ჯანეთთან, არც – არავისთან. როგორ გინდა, გამოტყდე, რომ სამსახურიდან მთელი დღით დაეთხოვე და შეშლილი ბერიკაცის სანახავად წახვედი ძველისძველ ქოხში, სამყაროთა სავაჭრო რომ ჰქვია. ან როგორ გინდა, გააგებინო ვინმეს, რომ ადამიანის უფლებაა, მისი ყველაზე სანუკვარი სურვილი აისრულოს. თუნდაც – სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ. ჯანეთის საღი და ფოლადივით მტკიცე გონება ვერასოდეს გაუგებდა.

მომდევნო დღეებში თომფქინზზე საფიქრალად არ ეცალა – სამსახურში დიდი ალიაქოთი იყო, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მოვლენებმა უოლ სთრითს ცეცხლი შეუნთო, აქციები ზევით-ქვევით ხტოდნენ. მაგრამ აქციების კურსებს შორის, აქა-იქ მაინც აგონდებოდა აუსრულებელი სურვილები, რომელთა ასრულებასაც სთავაზობდნენ რაც რამ ებადა იმ ქონების და კიდევ ცხოვრების ათი წლის ფასად. რა სიგიჟეა! თომფქინზი დაბერდა და სულ მთლად გამოშტერდა.

შაბათ-კვირას თომთან ერთად სანაოსნოდ გავიდა. ნავი ახალი არ იყო, მაგრამ არაფერი უჭირდა და თითქმის არ ეპარებოდა წყალი. თომი ახალ, სწრაფმავალ იალქნებზე ოცნებობდა, მაგრამ ბატონმა უეინმა შორს დაიჭირა – სჯობს, მომავალ წელს დაელოდონ, როდესაც ფასებს ასე უთავბოლოდ ჯირითი მოჰბეზრდებათ. მანამ კი ძველი იალქნებით უნდა დაკმაყოფილდნენ.

ხანდახან ღამით, როცა ბავშვებს ეძინათ, ის და ჯანეთი სეირნობდნენ ნავით. ლონგ აილენდი მშვიდი და უკაცრიელი იყო. გრილოდა. მოციმციმე ტივტივებს შორის მიაპობდნენ ტალღებს, დიდრონი ყვითელი მთვარის შესახვედრად.

– ვგრძნობ, რაღაც გაწუხებს, – ისევ უთხრა ჯანეთმა.

– ძვირფასო, გთხოვ!

– რას მიმალავ?

– არაფერს!

– მართალს ამბობ? დარწმუნებული ხარ, რომ ასეა?

– სრულ სიმართლეს.

– მაშინ მომხვიე ხელები… აი, ასე…

საჭეს გაეშვა და ჯანეთს მოეხვია. გემი კი თავის ნებაზე მიცურავდა.

ისურვე და მოგეცემა…

ამასობაში მოვიდა შემოდგომა. ნავის ნაპირზე ამოტანის დრო დადგა. საფონდო ბირჟაზე ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ფეგის წითელა შეეყარა, თომს კი ახალი კითხვები გაუჩნდა – სურდა გაეგო, რით განსხვავდება ჩვეულებრივი ბომბები, ატომური ბომბები, წყალბადის ბომბები, კობალტის ბომბები და ყველა სხვა სახის ბომბები ერთმანეთისგან – მათზე ახალ ამბებში მოისმინა. ბატონმა უეინმა აუხსნა, როგორც შეეძლო. მოულოდნელად მოახლე დაეთხოვათ.

გაუთქმელი სურვილები კი არსად დაკარგულან. ეგებ, ვინმეს მოკვლა სურდა ან კარიბის ზღვის კუნძულზე ცხოვრება, მაგრამ აქაც ბევრი საზრუნავი ჰქონდა: ორი მზარდი შვილი და ცოლი – უკეთესი, ვიდრე იმსახურებდა.

საშობაოდ, შეიძლება, მოფიქრება.

მაგრამ გაუმართავი გაყვანილობის გამო ხანძარი გაჩნდა. სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ცარიელი იყო და არვინ დაშავებულა. მეხანძრეებიც დროულად მოვიდნენ და დიდი ზიანი არ მიადგათ, მაგრამ თომფქინზი მცირე ხნით გადაავიწყდა. ჯერ საძინებელი უნდა შეეკეთებინა, ბატონი უეინი ძალიან ამაყობდა მათი ძველი, მაგრამ კოხტა სახლით.

შემდეგ ისევ ბირჟის ციებ-ცხელება დაიწყო. ხან რუსებიო, ხან – არაბები, ბერძნები და – ჩინელები. ბალისტიკური რაკეტები. ატომური ბომბები. ხელოვნური თანამგზავრები და ათასი სხვა. ბატონი უეინი მთელ დღეს ოფისში ატარებდა და, ზოგჯერ, გვიან ღამემდეც უწევდა დარჩენა. ამასობაში თომს შეეყარა ყბაყურა. დადგა გაზაფხული და სახლის სახურავის ერთი ფერდის გამოცვლა დასჭირდათ, იალქნიანი კატარღა კი ელოდა, როდის ჩაუშვებდნენ წყალში.

ასე გავიდა წელიწადი. ბევრი საქმე ჰქონდა და ცოტა დრო სანუკვარ სურვილებზე ფიქრისთვის. იქნებ, მომავალ წელს. ახლა კი…

– აბა, როგორ არის საქმე? – ჰკითხა თომფქინზმა, – თავს ხომ კარგად გრძნობთ?

– დიახ. არა მიშავს, – უპასუხა ბატონმა უეინმა. სკამიდან წამოდგა და შუბლი მოისრისა.

– თანხის დაბრუნება გსურთ? – ჰკითხა თომფქინზმა.

– არა. საკმაოდ… კმაყოფილი ვარ.

– ყოველთვის ეგრეა, – თქვა თომფქინზმა და ურცხვად ჩაუკრა თუთიყუშს თვალი, – სად იყავით?

– ახლო წარსულში, – უთხრა ბატონმა უეინმა.

– ბევრი ირჩევს მაგას… თქვენი ფარული სურვილი რა ყოფილა? მკვლელობა? ან, იქნებ, სამხრეთის კუნძულები?

– სჯობს, ჩემთან დარჩეს, – თქვა ბატონმა უეინმა თავაზიანი ხმით, მაგრამ – მტკიცედ.

– ხშირად ვისმენ მაგ პასუხს, – უთხრა თომფქინზმა და მოიწყინა, – ეშმაკმა იცის – რატომ.

– იმიტომ, რომ… ფარული სურვილები, თითქოს, ხელშეუვალი სამყაროა. წმინდა გრძნობა. არ გეწყინოთ… როგორ ფიქრობთ, ოდესმე შეძლებთ, მუდმივი გახადოთ? იმ სამყაროში დარჩენას ვგულისხმობ.

მოხუცმა მხრები აიჩეჩა.

– ვცდილობ. წარმატებას თუ მივაღწევ, უთუოდ გაიგებთ. ყველა გაიგებს.

– ნამდვილად ასე იქნება, – ბატონმა უეინმა ფუთა გახსნა და ყველაფერი, რაც შიგ ჰქონდა, მაგიდაზე ამოალაგა: წყვილი სამხედრო ჩექმა, დანა, სპილენძის მავთულის ორი გორგალი და სამი პატარა ქილა ხორცი.

თომფქინზმა დახედა და წამით თვალები გაუბრწყინდა:

– საკმაოდ კმაყოფილი ვარ, – უთხრა, – გმადლობთ.

– ნახვამდის, – დაემშვიდობა ბატონი უეინი, – და მადლობა.

ბატონმა უეინმა მაღაზია დატოვა და რუხი ფერის ქვა-ღორღს გაჰყვა. შესახვევთან რომ მივიდა გახედა და დაინახა ყავისფერი, ნაცრისფერი და შავი ნანგრევებით მოფენილი ველები. ეს ველები შორს იყო გადაჭიმული, სადამდეც თვალი სწვდებოდა. დანგრეული შენობები, რაც ოდესღაც ქალაქები იყო, გამხმარი ტოტები, რაც ოდესღაც ცად აზიდული ხეები იყო და თეთრი ფერის ფერფლი – რაც ოდესღაც იყო ადამიანების ხორცი და ძვალი.

– რა გაეწყობა, – თავისთვის ჩაიბურტყუნა ბატონმა უეინმა, – ყოველ შემთხვევაში, რამდენიც მივიღე, იმდენის გადავიხადე.

წარსულში მოგზაურობა იმ ფასად დაუჯდა, რაც რამ ებადა და კიდევ დაკარგა ათი წლის სიცოცხლე. თუმცა, ეგებ, სიზმარი იყო? მაინც ღირდა! მაგრამ ახლა უნდა უნდა დაეხსნას ფიქრებს – ჯანეთზე, თომზე და ფეგიზე. ისინი აღარ დაბრუნდებიან, თუ, რასაკვირველია, თომფქინზი არ მიაღწევს შედეგს. მანამ კი საკუთარ გადარჩენაზე უნდა იფიქროს.

მაჯის გეიგერის მრიცხველის დახმარებით ნანგრევებს შორის მიაკვლია უსაფრთხო ბილიკს. თავშესაფარში დაბრუნება შეღამებამდე სჯობს, სანამ ვირთხები სანადიროდ გამოვლენ. უნდა იჩქაროს, თორემ საღამოს კარტოფილის ულუფას ვეღარ მიუსწრებს.

©Robert Sheckley – The Store of the Worlds. Playboy, September 1959
©LV (ქართული თარგმანი, 2023)

Creative Commons License©Lord Vader. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
უჩვეულოდ პირქუში შექლი, თუმცა, მოულოდნელი დასასრული სავსებით შექლისეულია.
მოთხრობა პირველად ჟურნალმა Playboy დაბეჭდა სათაურით „გულის წადილის სამყარო“ (The World of Heart’s Desire). შემდგომ პუბლიკაციებში ავტორმა სათაური გამოცვალა და „სამყაროთა სავაჭრო“ (The Store of the Worlds) დაარქვა.
9 დეკემბერი რობერთ შექლის გარდაცვალების დღეა. საი-ფაისთან ჩემი ნაცნობობა სამი მწერლით დაიწყო – უელსით, ბრედბერით და შექლით.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე