სახლის მეპატრონე

როალდ დალი

ბილი უივერი შუადღის ჯაგლაგ მატარებელს გამოჰყვა ლონდონიდან, რიდინგში მეორე ხაზზე გადაჯდა და საღამოს ცხრა საათისთვის ჩამოაღწია ბათში. სადგურის მოპირდაპირე მხარეს, სახლის სახურავებზე ჩამომსხდარიყვნენ ვარსკვლავები და უღრუბლო ცას ანათებდა მთვარე. მაგრამ ჰაერი სუსხიანი იყო და ქარი ყინულიანი ხელისგულებით სცემდა ლოყებში.

– მაპატიეთ, – ჰკითხა, – სასტუმროს ხომ ვერ მიმასწავლით, იაფი და შორს რომ არ იყოს?

– „ეჟვანი და დრაკონი“, – უპასუხა კარისკაცმა, – უნდა ჰქონდეთ ოთახი, ხუთასი მეტრის სავალშია, იქით მხარეს.

ბილიმ მადლობა გადაუხადა, აიღო ჩემოდანი და სასტუმროსკენ გაემართა. ბათში პირველად ჩამოვიდა და არვის იცნობდა ჯერ, მაგრამ ბატონმა გრინზლეიდმა ლონდონის სათავო ოფისიდან ასე უთხრა – შესანიშნავი ქალაქიაო. „ჯერ გასაჩერებელი ადგილი მოძებნეთ, მოეწყვეთ კარგად და შემდეგ ფილიალის მენეჯერს აცნობეთ, რომ ჩახვედით“.

ბილი ჩვიდმეტი წლის იყო. ახალი, მუქი ლურჯი პალტო ეცვა, ახალი ყავისფერი შლაპა და ახალი ყავისფერი კოსტიუმი. ჩინებულად გრძნობდა თავს და ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას. ყველა საქმეს მკვირცხლად აკეთებდა – ასე გადაწყვიტა. თავის თავს უთხრა, რომ ყველა წარმატებული ბიზნესმენის საერთო ნიშანი არის სისწრაფე და მხნეობა. სათავო ოფისში აკვირდებოდა უფროსობას და ყველანი ყოველთვის შეუდარებლად შეუპოვრები იყვნენ, უკან დახევა არ სჩვეოდათ. მისაბაძი ხალხი იყო.

Continue reading “სახლის მეპატრონე”

2002 წლის აგვისტო: შეხვედრა ღამით

რეი ბრედბერი

თომას გომეზი ეულ ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა, წინ გრძელი გზა ჰქონდა, ცისფერ ბორცვებამდე.

– სულ მარტო მუშაობ არა, ბაბუ? – ჰკითხა თომასმა.

მოხუცმა მომცრო, კოხტა სატვირთოს საქარე მინას გადაუსვა ტილო.

– არაფერია, მივეჩვიე.

– მარსი მოგწონს?

– არ დაიწუნება. ყოველ დღე რაღაც ახალია. შარშან, აქ რომ ჩამოვედი, ჩემს თავს ვუთხარი: არაფერს დაველოდო, არაფერი მოვითხოვო, არც არაფერი გამიკვირდეს. უნდა დავივიწყოთ დედამიწა და ყველაფერი, რაც იქ დავტოვეთ. წინ ვუყუროთ, მივიხედოთ, მოვიხედოთ: როგორ მოვეწყვეთ, რას ვაკეთებთ ახლებურად. აქაური ამინდი ხომ დიდი ცირკია – მარსული წარმოდგენა! ჯოჯოხეთივით ცხელი დღეები, ღამე კი – ყინულივით სუსხიანი. კიდევ უცნაური ყვავილები და უცნაური წვიმა… პენსიონერ კაცს ისეთ ადგილას მსურდა ცხოვრების ბოლოს გატარება, სადაც ყველაფერი უცხოა. ახალი გამოცდილება მოხუცს დღეებს უხალისებს. ახალგაზრდებს ჩემთან სალაპარაკოდ არ ეცალათ, ბებრუცანებმა კი სიკვდილამდე მომაბეზრეს თავი, ისღა დამრჩენოდა, მევე შემექცია თავი – ასე გადავწყვიტე. სადმე, უცნობ ადგილას, სადაც თვალი უნდა გეჭიროს, რომ არაფერი გამოგეპაროს – იმდენია ირგვლივ სახალისო. ეს სადგური კარგი რამეა, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მუშტარი მომიმრავლდა, ავდგები და სხვა მიტოვებულ გზატკეცილზე გადავალ, სადაც ნაკლები მანქანაა. დიდ შემოსავალს არ დავეძებ – ჩემი სამყოფი მქონდეს და ბევრი დრო, უცხო გარემოს თვალი მივადევნო.

Continue reading “2002 წლის აგვისტო: შეხვედრა ღამით”

თხემით ტერფამდე ხორცისგან დამზადებული

თიერი ბისონი

– ხორცისგან არიან.

– ხორცისგან?

– კი. თხემით ტერფამდე.

– ხორცი?

– ეჭვი აღარ გვეპარება. პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან ამოვკრიბეთ, ავიყვანეთ სადაზვერვო ხომალდზე და მთელი გზა ვსწავლობდით. ნამდვილად ხორცისგან არიან.

– შეუძლებელია. რადიოტალღებზე რას იტყვი? ვარსკვლავებისკენ გაგზავნილ შეტყობინებებზე?

– რადიოტალღებს სასაუბროდ იყენებენ, მაგრამ შეტყობინებები მათგან არ წამოსულა – მანქანები გვიგზავნიდნენ.

– მანქანები ვინ შექმნა? სწორედ მათ უნდა დავუკავშირდეთ.

– მათ შექმნეს მანქანები. ამას გიხსნი, რა ხანია – მანქანები შექმნა ხორცმა.

Continue reading “თხემით ტერფამდე ხორცისგან დამზადებული”

საათი ზარდახშაში

ალეკსანდრ ვვედენსკი

იმ ზაფხულს აგარაკზე ისვენებდნენ ოთხნი: და-ძმა ლიზა და მიშა, მათი ბიძა პეტრე და კატა სახელად „ჩიტუნია“. იტყვით ახლა, ეს რა კატის შესაფერისი სახელიაო, მაგრამ იმ კატამ ისეთი მელოდიური კრუტუნი იცოდა, გეგონებოდა – ჟღურტულებსო, ამიტომ შეარქვეს „ჩიტუნია“.

ერთ მზიან დილით ძია პეტრემ დისშვილებს უთხრა:

– მიშა და ლიზა, ლიზა და მიშა, ყური მიგდეთ, დღეს ქალაქში მივდივარ. გთხოვთ, არ იცელქოთ, არ იჩხუბოთ და ყირაზე ნუ გადახვალთ – შევთანხმდით?

– კარგი, – პირობა მისცეს მიშამ და ლიზამ.

მაგრამ კარის გახურვა ძლივს მოასწრო, რომ მაშინვე იჩხუბეს. რატომ? ახლა მოგიყვებით:

ჯერ სათევზაოდ წავიდნენ, როგორც სხვა დღეებშიც აკეთებდნენ ხოლმე. წავიდნენ, აბა, სათევზაოდ, ჩამოსხდნენ ნაპირზე და მოიმარჯვეს ანკესები. Continue reading “საათი ზარდახშაში”

სადაზღვევო პოლისი

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

დენი ჰოლთს ტელეფონთან რომ უხმეს, სულაც არ გახარებია – წვიმიან ღამეს ბევრ ხელგაშლილ კლიენტს ნახავ, აქვე, ქუჩაში, მას კი ამ დროს სირქალზე[1] უწევს გასვლა.

– ჯანდაბა, – ჩასძახა ყურმილს, – რაღა მაინცდამაინც მე? სხვა გააგზავნეთ, სულ ერთი არ არის? შორს ვარ ახლა, ვილიჯში.

– პირადად შენ გიკითხა, სახელით და ნომრით, ალბათ, ნაცნობია. მონუმენტთან დაგელოდება, შავი ლაბადა აცვია და ხელჯოხი აქვს.

– ვინ არის?

– აბა, მე რა ვიცი, სახელი არ უთქვამს. დროზე წადი.

ჰოლთმა ტელეფონი გათიშა და ტაქსიში დაბრუნდა. წვიმის წვეთები ქუდის საჩიხზე ხტოდნენ, საქარე მინაზე აკაკუნებდნენ და ათას ნაკადულად ეშვებოდნენ თავქვე. განათებული ვიტრინები ბინდში იყო გახვეული და კაფე-ბარებიდან მუსიკალური ავტომატების ხმა ისმოდა. ასეთ ღამეს იქ უნდა იჯდეს, მაგიდასთან… რა მოხდება, უცბად რომ შეირბინოს და ჭიქა ვისკი გადაკრას?.. ჯანდაბა. მანქანა დაძრა და გრინვიჩ ავენიუს აედევნა. უგუნებოდ.

გაფაციცებული უნდა იყო – ფეხით მოსიარულეები შუქნიშანს კარგ ამინდშიც არ დაგიდევენ (ყოველ შემთხვევაში, ნიუ იორქში ასეა) და ღამით სულ მთლად ლანდებს ჰგვანან. ჰოლთი ყურადღებას არ აქცევდა შეძახილებს: “ტაქსი-ტაქსი”. გზები სველი იყო და მოლიპული, მისი საბურავები კი – გაცრეცილი.

Continue reading “სადაზღვევო პოლისი”

პროლოგი

სთივენ ბაქსთერი

ქეით მანძონი რიდ მალენფანთთან და ქორნილიუს თეინთან ერთად მაიქის ვერანდაზე იდგნენ. სახლიდან ბავშვის ტირილი ისმოდა. ბები მაიქლი – მაიქის ვაჟი და მალენფანთის შვილიშვილი.

ჰიუსთონის თავზე მწუხრი ღამის ცის გუმბათზე ფეთქავდნენ ახალთ-ახალი მთვარეები და დედამიწები, ფეთქავდნენ უხმოდ, მაგრამ კაშკაშით – ლურჯად, წითლად, ყვითლად, ბდღვრიალებდნენ, როგორც მაშხალები, თითოეული მისი საკუთარი მზის ცეცხლით აალებული.

სულ რაღაც შვიდი დღე გავიდა, რაც ალფა კენტავრიდან არ დაბრუნდა ექო.

მალენფანთმა ჰკითხა:

– რას მივჩერებივართ ახლა?

Continue reading “პროლოგი”

პაემანი

არკადი სტრუგაცკი, ბორის სტრუგაცკი

ალექსანდრ კოსტილინი თავის ვეებერთელა მაგიდასთან იდგა და პრიალა ფოტოებს ათვალიერებდა.

– გამარჯობა, ლინ, – უთხრა მონადირემ.

კოსტილინმა დიდშუბლა, მელოტი თავი ასწია და შესძახა:

— Home is the sailor, home from sea!

— And the hunter home from the hill[1], – უპასუხა მონადირემ.

ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ერთმანეთს გადაეხვივნენ.

– აბა, რით გამახარებ? – საქმიანი ხმით ჰკითხა კოსტილინმა, – ამ ჯერზე იაილადან მობრუნდი, ხომ?..

– კი, პირდაპირ ათასი ჭაობიდან, — მონადირე სავარძელში ჩაჯდა და მუხლები გაშალა, – შენ კი ყოველ ჯერზე სულ უფრო მსუქანი და მელოტი მეჩვენები, ლინ. უმოძრაობა მოგიღებს ბოლოს. შემდეგზე ჩემთან ერთად წაგიყვან.

კოსტილინმა დაფიქრებით ჩამოისვა ღიპზე ხელი.

– ასეა… – უთხრა, – მძიმე ამბავია. ბარონები ბერდებიან, ბარონები სუქდებიან… ძვირფასი მოგვიტანე რამე?

Continue reading “პაემანი”

უცხო ღვინო

ჰარლან ელისონი

ორმა ტანხმელმა პოლიციელმა, რომლებიც იმ დღეს ფასიფიქ ქოასთ ჰაივეის გზატკეცილზე მორიგეობდნენ, უილის ქოუ ავტომობილიდან გადმოიყვანა, გვერდიგვერდ ამოუდგა, მაგრად ჩასჭიდა ხელი და გზის შუაგულისკენ წაიყვანა. იქ იწყებოდა მუქი ყავისფერი კვალი და დასავლეთით, ბეტონის საფარს მიჰყვებოდა. ორმოცდაათიოდე ნაბიჯში კი ზეწარი ფარავდა გაშოტილ სხეულს.

– მაგრად უთრევია… საზარელი სანახავია! – თქვა ერთ-ერთმა.

უილის ქოუმ გაიგონა და არ სურდა, მისი ქალიშვილის ცხედრის ნახვა. მაგრამ სურვილზე არ იყო – პოლიციელებს საბუთის შედგენა და ამოცნობა სჭირდებოდათ. ზუსტად ასე უთხრეს. მკვახედ. მეორემ კი ჩაიმუხლა და ზეწარი გადახადა.

ნეფრიტის გულსაკიდი ამოიცნო, სკოლის დამთავრებისას რომ აჩუქა. სხვა ვერაფერი დაინახა.

– ეს დებია, – თქვა და თვალი აარიდა.

სულ ასეთი ამბები რატომ მემართება? – გაიფიქრა, – მე ხომ აქაური არ ვარ. არ ვარ ერთ-ერთი მათგანი. ასეთი რამ მხოლოდ ადამიანებს უნდა ემართებოდეს.

Continue reading “უცხო ღვინო”

სამყაროთა სავაჭრო

რობერთ შექლი

რუხი ფერის ქვა-ღორღის ყორღანი ბატონ უეინს მხრებამდე სწვდებოდა. როდესაც უკან მოიტოვა, სამყაროთა სავაჭროს წინ აღმოჩნდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორც მეგობრებმა აღუწერეს: ხის მორებით, ლითონის ნაჭრებით, მანქანის ნაწილებითა და რამდენიმე რიგად მიწყობილი ნამსხვრევი აგურით აგებული ქოხმახი, გაცრეცილი ცის ფერად დაუდევრად შეღებილი.

ბატონი უეინი შეტრიალდა წამით, ძელყორეს გახედა, დარწმუნდა, რომ არვინ დადევნებია. იღლიაში ამოდებულ პატარა ფუთას კიდევ უფრო მაგრად დააჭირა მკლავი და აკანკალებული ხელით კარის სახელურს სწვდა, შიგნით შეაბიჯა.

– დილა მშვიდობისა, – მიესალმა მაღაზიის მეპატრონე.

ზუსტად ისეთი იყო, როგორც მეგობრებმა უთხრეს: მაღალი, ხანში შესული კაცი. თვალები ეშმაკურად მოეჭუტა და ტუჩებს პრუწავდა. თომფქინზი ერქვა და ფეხმორყეულ საქანელა-სავარძელზე იჯდა. უკან, საზურგეზე ლურჯ-მწვანე თუთიყუში შემომჯდარიყო. მაღაზიაში სხვა არვინ იყო. იდგა ერთი სკამი და მაგიდა. ზედ ჟანგიანი შპრიცი იდო.

Continue reading “სამყაროთა სავაჭრო”

ფოკუსი

ფრედრიქ ბრაუნი

ჭექა-ქუხილი რომ არა, თან, სწორედ იმ დროს, როდესაც ოთხეული კინოთეატრიდან გამოვიდა, არაფერი მოხდებოდა.

საშინელებათა ფილმზე იყვნენ და რაღაც იაფფასიანზე კიარა, მხოლოდ ბავშვის ძილის დასაფრთხობად რომ გამოდგება, კარგად გადაღებულ, დახვეწილ სანახაობაზე, კმაყოფილები გამოვიდნენ და წვიმით დანამული კრიალა ღამე თბილი და ნაზი ეჩვენათ. სამ მათგანს. მეოთხემ კი…

რაღაც ჩარდახი ნახეს ქუჩაში, წვიმას დაემალნენ და მეიმ:

– ხალხო, ახლა რას ვაპირებთ? გავცუროთ თუ ტაქსით წავიდეთ?

მეი ლამაზი, კოხტა გოგო იყო, პაჭუა ცხვირით და ოქროსფერი თმებით. უნივერმაღის პარფიუმერულ განყოფილებაში მუშაობდა და სასიამოვნო სურნელი, სულ რომ დაჰყვებოდა თან, კიდევ მეტ პეწს სძენდა.

ელსი მიუბრუნდა ბიჭებს და შესთავაზა:

– ცოტა ხნით ჩემს სტუდიოში ხომ არ ავიდეთ? სანამ გადაიღებს. ჯერ არც ისე გვიანია.

თქვა და სიტყვა “სტუდიოს” დაასვა მახვილი. შეუმჩნეველი, მაგრამ ისე, რომ შეემჩნიათ. სულ ერთი კვირაა, რაც ელსი ნაქირავები ოთახიდან ამ სტუდიოში გადავიდა და თავს უკვე ნამდვილ ბოჰემად გრძნობდა, ყინჩად ეჭირა თავი… მარტო უოლთერი რომ ყოფილიყო, ეგებ, ვერც გაებედა, მაგრამ ოთხი ერთად ხომ უწყინარ, მეგობრულ საღამოს ჰგავს.

Continue reading “ფოკუსი”

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე