ფრედრიქ ბრაუნი
ჭექა-ქუხილი რომ არა, თან, სწორედ იმ დროს, როდესაც ოთხეული კინოთეატრიდან გამოვიდა, არაფერი მოხდებოდა.
საშინელებათა ფილმზე იყვნენ და რაღაც იაფფასიანზე კიარა, მხოლოდ ბავშვის ძილის დასაფრთხობად რომ გამოდგება, კარგად გადაღებულ, დახვეწილ სანახაობაზე, კმაყოფილები გამოვიდნენ და წვიმით დანამული კრიალა ღამე თბილი და ნაზი ეჩვენათ. სამ მათგანს. მეოთხემ კი…
რაღაც ჩარდახი ნახეს ქუჩაში, წვიმას დაემალნენ და მეიმ:
– ხალხო, ახლა რას ვაპირებთ? გავცუროთ თუ ტაქსით წავიდეთ?
მეი ლამაზი, კოხტა გოგო იყო, პაჭუა ცხვირით და ოქროსფერი თმებით. უნივერმაღის პარფიუმერულ განყოფილებაში მუშაობდა და სასიამოვნო სურნელი, სულ რომ დაჰყვებოდა თან, კიდევ მეტ პეწს სძენდა.
ელსი მიუბრუნდა ბიჭებს და შესთავაზა:
– ცოტა ხნით ჩემს სტუდიოში ხომ არ ავიდეთ? სანამ გადაიღებს. ჯერ არც ისე გვიანია.
თქვა და სიტყვა “სტუდიოს” დაასვა მახვილი. შეუმჩნეველი, მაგრამ ისე, რომ შეემჩნიათ. სულ ერთი კვირაა, რაც ელსი ნაქირავები ოთახიდან ამ სტუდიოში გადავიდა და თავს უკვე ნამდვილ ბოჰემად გრძნობდა, ყინჩად ეჭირა თავი… მარტო უოლთერი რომ ყოფილიყო, ეგებ, ვერც გაებედა, მაგრამ ოთხი ერთად ხომ უწყინარ, მეგობრულ საღამოს ჰგავს.