სადაზღვევო პოლისი

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

დენი ჰოლთს ტელეფონთან რომ უხმეს, სულაც არ გახარებია – წვიმიან ღამეს ბევრ ხელგაშლილ კლიენტს ნახავ, აქვე, ქუჩაში, მას კი ამ დროს სირქალზე[1] უწევს გასვლა.

– ჯანდაბა, – ჩასძახა ყურმილს, – რაღა მაინცდამაინც მე? სხვა გააგზავნეთ, სულ ერთი არ არის? შორს ვარ ახლა, ვილიჯში.

– პირადად შენ გიკითხა, სახელით და ნომრით, ალბათ, ნაცნობია. მონუმენტთან დაგელოდება, შავი ლაბადა აცვია და ხელჯოხი აქვს.

– ვინ არის?

– აბა, მე რა ვიცი, სახელი არ უთქვამს. დროზე წადი.

ჰოლთმა ტელეფონი გათიშა და ტაქსიში დაბრუნდა. წვიმის წვეთები ქუდის საჩიხზე ხტოდნენ, საქარე მინაზე აკაკუნებდნენ და ათას ნაკადულად ეშვებოდნენ თავქვე. განათებული ვიტრინები ბინდში იყო გახვეული და კაფე-ბარებიდან მუსიკალური ავტომატების ხმა ისმოდა. ასეთ ღამეს იქ უნდა იჯდეს, მაგიდასთან… რა მოხდება, უცბად რომ შეირბინოს და ჭიქა ვისკი გადაკრას?.. ჯანდაბა. მანქანა დაძრა და გრინვიჩ ავენიუს აედევნა. უგუნებოდ.

გაფაციცებული უნდა იყო – ფეხით მოსიარულეები შუქნიშანს კარგ ამინდშიც არ დაგიდევენ (ყოველ შემთხვევაში, ნიუ იორქში ასეა) და ღამით სულ მთლად ლანდებს ჰგვანან. ჰოლთი ყურადღებას არ აქცევდა შეძახილებს: “ტაქსი-ტაქსი”. გზები სველი იყო და მოლიპული, მისი საბურავები კი – გაცრეცილი.

Continue reading “სადაზღვევო პოლისი”

მიზანთან ახლოს

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

დაუჯერებელი ამბები ხდება ჩვენთან, გუაიმასში. ჯერჯერობით მხოლოდ იმას სჯერა, ვინც საკუთარი თვალით ნახა. გაზეთები არაფერს წერენ და ფოტოებს ეჭვით უყურებენ. ფოტოს გაყალბებას რა უნდაო, იტყვიან და აიწურავენ მხრებს… გუაიმასის გარეთ ამ მტკიცებულებებს ჩალის ფასი აქვს… გუაიმასსა და პუებლო პეკუენიოში[1] სჯერათ მხოლოდ.

მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ფოტოგრაფი ჟურნალიდან Life ნიუ იორქის ოფისს დაარწმუნებს რომ კი, გუაიმასში მართლაც ხდება რაღაც და არა, ის სრულიად ფხიზელია და წვეთიც არ დაულევია. შემდეგ ვინმე ადმირალი, ფიზიკოსი ან, სულაც, კონგრესმენი აღმოჩნდება საჭირო ადგილას და საჭირო დროს. და ყველანი გაიგებთ, რა ამბებია გუაიმასში და, რა თქმა უნდა – პუებლო პეკუენიოში. ცხადია, მშრალი საგაზეთო ცნობა ბევრს ვერაფერს დაიტევს, გაიძვერა თომ დილონი არაფერს გეტყვის, ტიო იგნასიოს კი, ენაზე, აბა, რა დაადგება, მაგრამ, ვინ არ იცის, რომ ტიო იგნასიო ერთი ბებერი ჭორიკანაა.

მე მოგიყვებით, დანამდვილებით როგორ იყო: ყველაფერი დაიწყო იმ მზიან დილას. Continue reading “მიზანთან ახლოს”

მოიჯარის პრობლემა

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

ჯექლინმა თქვა იადონიო, მე კი განუყრელებს[1] ვამბობდი – ერთი იადონისთვის ასეთი გნიასი მართლაც მეტისმეტი იყო, თან ბუზღუნა ბებრუხანა ბატონი ჰენჩარდი და განუყრელები – ეს სურათი ძალიან შეუხამებელი მეჩვენა და რომ წარმოვიდგინე, თავს როგორ ეფოფინება, ძალიან გავხალისდი. დაე, განუყრელები ყავდეს. ასე იყო თუ ისე, მდგმური რაღაცას გვიმალავდა ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ჩიტების გალიაში. თითქოს ეჭვიანობსო, ჩვენი შესვლა და შალითის ჩამოფარება ერთი იყო. თვალში ვერაფერი მოვიხელთეთ, ხმაური გვესმოდა მხოლოდ.

და არც ეს ხმები იყო იოლი გასარჩევი. მაუდის ქსოვილის საფარქვეშ ხან ფრუტუნებდნენ, ხან შარიშურობდნენ, ხან მორიდებულად აკაკუნებდნენ, ხანაც აბრახუნებდნენ და ერთი-ორჯერ ისეთი შემოკრეს, რომ მთელი გალია შეხტა და შეტორტმანდა, რაღაც მანქანებით იყო, ძირს რომ არ გადმოვარდა. ბატონმა ჰენჩარდმა უთუოდ შენიშნა, მისი გალიისკენ რომ გაგვირბოდა თვალი და ყური, ან რა დიდი შემჩნევა ამას უნდოდა, მაგრამ ვითომც არაფერიაო. ერთხელ კი, როდესაც ჯექიმ სასხვათაშორისოდ უთხრა, როგორი სასიამოვნოაო, ალბათ, ფრინველების ყოლა, ბატონმა ჰენჩარდმა ცივად მოუჭრა:

Continue reading “მოიჯარის პრობლემა”

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე