პონი

ქონი უილისი

– არ გინდა, გახსნა? – ჰკითხა სიუზიმ და მოთხოვნაც გაეპარა ხმაში.

ბარბარამ მორჩილად შემოაძრო წითელ-მწვანე კუბოკრული ბაფთა და წინასწარ მოემზადა იმედგაცრუებისთვის, რომელიც საშობაო საჩუქრების გახსნის შემდეგ ეუფლებოდა ხოლმე.

– მე პირდაპირ ქაღალდს ვფხრეწ ხოლმე, დეიდა ბარბარა, – უთხრა სიუზიმ, – ეს საჩუქარი თავად შევარჩიე. ვიცოდი, რა ინატრე „მეისიში“[1] როდესაც ხელები გაგეყინა.

ბარბარამ ქაღალდის პაკეტი გახსნა. შიგნით ხელთათმანი იყო წითელ-იისფერი ზოლებით.

– სწორედ ეს არის, რაც მინდოდა! მადლობა, სიუზი, – უთხრა და ნაძვის ხის ქვეშ ბრჭყვიალა ყუთებზე მიუთითა, – მანდ ერთი შენთვის უნდა იყოს… ასე მგონია.

სიუზიმ ნაძვის ხესთან ჩაიცუცქა და ყუთების გადალაგება დაიწყო.

– მართლა თვითონ შეგირჩია, – ჩასჩურჩულა ელენმა და ტუჩებზე უნებლიე ღიმილი დაეფინა, – თუმცა, რომც არ მეთქვა, ფერებით მიხვდებოდი.

Continue reading “პონი”

შობა განიმედზე

აიზექ აზიმოვი

ოლაფ ჯონსონი რაღაცას ღიღინებდა თავისთვის, ამასაც თუ ღიღინი ერქვა და მეოცნებე ცისფერი თვალებით შეჰყურებდა ბიბლიოთეკის კუთხეში დიდებულად ტოტებგაშლილ სოჭის ხეს. ბიბლიოთეკის დარბაზი გუმბათში ყველაზე დიდი ოთახი იყო, მაგრამ ასეთი გამორჩეული დღისთვის ეს ფართიც კი ეცოტავა ოლაფს. უზარმაზარი ყუთისკენ დაიხარა ხელი ჩაყო და წითელ-მწვანე ბრჭყვიალა ქაღალდის პირველი გრაგნილი ამოიღო.

ნეტავ, რა უეცარი გრძნობები მოეძალა Ganymedan Products Corporation, Inc.-ს? რა უცხო ძალამ აიძულა, საშობაო მოკაზმულობის სრული კოლექცია გამოაგზავნა გუმბათში? მაგრამ ოლაფს ამ საიდუმლოს გამოცნობა არ უცდია. ის გუმბათის ერთი რიგითი თანამშრომელი იყო, შობის მთავარი დეკორატორის მისია თავად იტვირთა და კმაყოფილი იყო სამუშაოთიც და მისი ბედითაც. მეტს არას დაეძებდა.

ამ ფუსფუსში იყო, როდესაც სასიგნალო ნათურის ციმციმმა მოჭრა თვალი – ოლაფ ჯონსონი შეიჭმუხნა და ერთი კარგადაც შეუკურთხა. ეს შუქი, რომელიც ხან ინთებოდა, ხან ქრებოდა, გუმბათის თანამშრომელთა შეკრებას აუწყებდა. დასწრება სავალდებულო იყო. მძიმედ ამოიხვნეშა და ჩაქუჩი ძირს დააგდო, ტალღოვან ქაღალდსაც ხელი უშვა. თმები გაისწორა, ბრჭყვიალა კონფეტი დაიფერთხა და ოფიცერთა ნაკვეთურისკენ გაემართა. Continue reading “შობა განიმედზე”

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე